ნავთობით დაბინძურებული წყლების გაწმენდის კომპლექსური ტექნოლოგიები
DOI:
https://doi.org/10.52340/12092026საკვანძო სიტყვები:
მცენარეული სორბენტები, პოლიმერული ნარჩენები, ულტრაფილტრაცია, ნავთობით დაბინძურებაანოტაცია
მონოგრაფია ეძღვნება ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყლების გაწმენდის თანამედროვე, ეკოლოგიურად უსაფრთხო და ეკონომიურად ეფექტური მეთოდების კვლევასა და მათი კომპლექსური გამოყენების მეცნიერულ-ტექნოლოგიური საფუძვლების შემუშავებას.
აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ნავთობის ტრანსპორტირებისა და ტერმინალების ფუნქციონირების რეგიონებში, მათ შორის სუფსის, ყულევის, ბათუმისა და ფოთის ტერიტორიებზე.
კვლევის სამეცნიერო სიახლე მდგომარეობს კომპლექსური „მწვანე“ ტექნოლოგიის შემუშავებასა და ექსპერიმენტულ კვლევაში, რომელიც აერთიანებს სორბციულ წინასწარ გაწმენდასა და ბარომემბრანულ პროცესს. პირველ ეტაპზე გამოყენებულია ადგილობრივი მცენარეული ნარჩენის — ხის ნახერხისა და მეორადი პოლიმერული ნარჩენის — პოლიურეთანის საფუძველზე მიღებული ფილტრ-სორბენტები, ხოლო შემდგომ ღრმა გაწმენდის ეტაპზე, მემბრანული ფილტრაციისთვის, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში სინთეზირებული პოლიმერული ულტრაფილტრაციული მემბრანები.
მონოგრაფიაში განხილულია ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით დაბინძურების ეკოლოგიური ასპექტები, ნავთობის დაღვრის ლიკვიდაციის გზები, აგრეთვე საწარმოო და ჩამდინარე წყლების გაწმენდის ტრადიციული და თანამედროვე მეთოდები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნავთობნახშირწყალბადების მდგრადი ემულსიების გაწმენდას, რომლის ეფექტური დამუშავება მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სირთულეს წარმოადგენს.
მონოგრაფიის პრაქტიკული მნიშვნელობა მდგომარეობს ნავთობით დაბინძურებული წყლების მრავალსაფეხურიანი გაწმენდისათვის რესურს დამზოგავი და ეკოლოგიური ტექნოლოგიური სქემის შემუშავებაში, რომელიც ამცირებს მემბრანაზე დატვირთვას, ხელს უწყობს მემბრანის დაბინძურების (ფოულინგის) შემცირებას და ამაღლებს საბოლოო გაწმენდის ხარისხს (99,8%-მდე).
მიღებული შედეგები შეიძლება გამოყენებული იქნეს სამრეწველო საწარმოების დაპროექტებისა და ჩამდინარე წყლების გაწმენდის სისტემების შექმნისას, აგრეთვე ნავთობპროდუქტებით წყლისა და ნიადაგის დაბინძურების პრევენციისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაგეგმვისათვის.